თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია, - ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღბები ჰქონდათ ჩამოფარებული.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისი ასაკის გამო არ განხორციელდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის 16 წლის გიორგი ბლიაძეს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა. გარდა ამისა, როგორც დაჭრილის დედა ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა.
დაჭრილი, ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გაიჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლი, საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა დაჭრილის დედა და ძმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.