მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
16 დეკემბერს, ხელოვნების მასწავლებლის - ნანა მუშკუდიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა ძალზედ საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც აერთიანებდა ორ მიმართულებას: „შემოდგომის პეიზაჟები“ და „გააცოცხლე ცნობილი მხატვრის ნახატი“.
პირველი მიმართულების ფარგლებში თითოეულმა კლასმა წარმოადგინა ბუნების პეიზაჟები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ფანტაზიის წახალისებას, ბავშვების მოტორიკის განვითარებას, ჯგუფური მუშაობის უნარების გამომუშავებას, რესურსების სწორად გამოყენებას და ათვისებას. კეთებით სწავლის პროცესში მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობას და მათ აქტიურად ჩართვას.
მეორე მიმართულების ფარგლებში კი მოსწავლეებმა გააცოცხლეს ცნობილი მხატვრები და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობების მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება, პრეზენტირება, ხელოვნების ცალკეული მიმართულებების სიღრმისეული შესწავლა. მოსწავლეებმა არა მხოლოდ გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი ნახატები, არამედ თვითონაც შექმნეს საინტერესო ნამუშევრები.
„ხაიშის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და პედაგოგებს შემოქმედებით გზაზე“,- დასძენენ სკოლაში.
ღონისძიების მონაწილეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.
იხილეთ ფოტოები: