საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
26-12-2024

ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სრურუა ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%.

სტატისტიკის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ.

„2024 წლის კვლევის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს“,- აღნიშნა ლელა სტურუამ.

ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში, მოსწავლეთა 36.6% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება დახურულ საზოგადოებრივ შენობებში.

რაც შეეხება წვდომასა და ხელმისაწვდომობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა 54.0%-მა, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს, სიგარეტი შეიძინეს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ქუჩის მოვაჭრესთან ან ჯიხურში.

მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას, 67.9%-მა, მიუხედავად ასაკისა, შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203