რამდენიმე საათში ახალი წელი შემოაბიჯებს: ახალი მოლოდინით, ახალი იმედებით და სანამ საათი 12 საათს აჩვენებს, Etaloni.ge გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომელთა შესახებაც ამ ეტაპზეა ცნობილი და რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ:
1-ელი იანვრიდან საბავშვო ბაღებისა და ავტორიზებული სკოლებისთვის სავალდებულო იქნება თვითშეფასების ჩატარება; ისიც ცნობილია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ანაზღაურება მოიმატებს საშუალოდ 20 პროცენტით (ასე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში სიტყვით
ხელფასი 10 პროცენტით ემატება საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალსაც, ასევე მანდატურებს, თუმცა ანაზღაურების ზრდა არ ეხებათ პედაგოგებს - 2025 წლის ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ განათლების სისტემის გაზრდილი დაფინანსება მასწავლებლების ზაფხულში მომატებულ ხელფასებს მოხმარდებაო.
წესით, 2025 წელს უნდა გავიგოთ, რა ბედი ელის მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას, რომელიც 2024 წელს ახალი სახელფასო ფორმულის გამოქვეყნების შემდგომ შეჩერდა 2025 წლის 1 იანვრამდე
განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ
უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებებს რაც შეეხება, ცნობილია, რომ 2025 წელს დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტიანი სისტემა; შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებას და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას; განხორციელდება ღონისძიებები ხარისხის განვითარების მხარდაჭერისთვის; შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია;
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაცია შეუჩერა. მათივე განცხადების თანახმად კი, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რასაც უკვე 2025 წელს უნდა ველოდოთ.
ამასთან, გაურკვეველია სასკოლო სახელმძღვანელოების ბედი, რომლებიც ექსმინისტრის - გიორგი ამილახვარის დაპირებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ცვლილებისთანავე, ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჯერ კიდევ 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა მოსულიყო, თუმცა ეს დაპირება დაპირებად დარჩა და ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია, ამჟამინდელი მინისტრი წულაძე რა ნაბიჯებს გადადგამს სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართულებით, მაშინ, არც განახლებული საგნობრივი სტანდარტები გვაქვს და სხვათა შორის 2024 წელს სახელმძღვანელოების გრიფირებაც არ გამოცხადებულა.
სამაგიეროდ ის ვიცით, რომ აბიტურიენტები ქართულის ეროვნულ გამოცდაზე არ ჩააბარებენ „ხევისბერ გოჩას“, „სწავლა მოსწავლეთას“, „ბედი ქართლისას“, „ბედნიერ ერს“ და კიდევ რიგ ნაწარმოებებს, რომლებიც, ახალგაზრდებს თურმე დისკომფორტს უქმნიდათ და სწორედ ამიტომ ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან (ასე განმარტა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა).
ესაა ცვლილებები, რომლებიც ვიცით, რომ საგანმანათლებლო სფეროში 2025 წელს მოხდება, თუმცა ტრადიციულად, არც სიურპრიზებს გამოვრიცხავთ. Etaloni.ge გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ 2025 წელს განათლების მიმართულებით მხოლოდ სასიკეთო ძვრები მოხდება.