არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
02-01-2025

2 იანვარს საქართველოში ბედობა აღინიშნება, რომელსაც მართალია რელიგიური კონტექსტი არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე მომავალი ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა, ამიტომ  მას ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

ბედობის დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, „კაიფეხის” ადამიანს. მის არჩევასაც თავისი კრიტერიუმები ჰქონდა - მეკვლე პატივსაცემი, წარმატებული და კეთიშობილი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სასურველია მეკვლეობის უკვე დამტკიცებულად „კარგი ფეხი“ ჰქონოდა.  სტუმრად წასული „მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფობდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ბედობის დღე იდეალურად უნდა გაეტარებინათ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში,  თუმცა უკვე ოდნავ განსხვავებული ფორმით აღნიშნავენ - ხშირად მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ცდილობენ დღის გატარებას, რომ სასიამოვნო და ლაღი განწყობა მთელ წელს გაჰყვეთ. მეკვლეს ტრადიცია კი ნელ-ნელა ტრადიციულ სახეს კარგავს, თუმცა თავად ბედობის დღე მაინც იმ განსაკუთრებულ დღედ რჩება, როდესაც ყველა ცდილობს თავი აარიდოს დარდსა თუ სევდას და მაქსიმალურად ხელგაშლილად და ამავე დროს ამაღლებული განწყობით გაატაროს დღე. 

და ბოლოს, რადგან საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება – ახალი და ძველი სტილით, ასევე ბედობაც ორჯერ – 2 იანვარსა და 15 იანვარს აღინიშნება.

Etaloni.ge კი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მთელი წელი, ბედობის მსგავსად, ბედნიერად, მხიარულად და სიყვარულით სავსე გულით გაგეტარებინოთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203