ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსში გაიმარჯვეს
04-01-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და არაფორმალური განათლების პროექტებში დიდი შემართებით მონაწილეობენ. 

2024-2025 სასწავლო წლის პირველ ნახევარში ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ, ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ჩაატარა საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი - „თავისუფალი თემა“. 

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ხარატიშვილმა, ნინო ყუბანეიშვილმა, ქეთი სოფრომძემ, ანი ფხაკაძემ და მერაბ მამარდაშვილმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარი კახიანი) მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასთან თანამშრომლობით (განყოფილების გამგე ციცინო მუმლაძე) მოამზადეს ბლოგი მე-11 საუკუნის უნიკალური ხელნაწერის - ოთხთავის შესახებ, რომელიც ანტიოქიაში, შავ მთაზე, კალიპოს ღვთისმშობლის მონასტერშია გადაწერილი 1060 წელს ბასილი თორელყოფილის მიერ, გიორგი მთაწმინდელის რედაქციით.

ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა კონკურსში პირველი ადგილი და გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლაში წარმატება ახარებთ, მოსწავლეებს კი ახალ-ახალ გამარჯვებებს უსურვებენ. 

„მადლობას ვუხდით კონკურსის იდეის ავტორს ქალბატონ მაყვალა ქობულაძეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილეს ქალბატონ ნონა ქარციძეს, ხელნაწერთა განყოფილების გამგეს ქალბატონ ციცინო მუმლაძეს თანამშრომლობისათვის, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203