რა ბედი ელის მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას? - ეს გახლავთ კითხვა, რომელზე პასუხიც ყველა პედაგოგს აინტერესებს. სქემასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ რამდენიმე განმარტება გააკეთა და ოფიციალურ ინფორმაციაში ისიც აღინიშნა, რომ ახალი დოკუმენტის გარკვეული მუხლები მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე კვლავ შეჩერებულია, მაშინ, როცა არსებობდა მოლოდინი, ახალი სქემა 2025 წლის 1-ელ იანვარს უნდა შეემუშავებინათ.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე“, რომლის მოქმედებაც შეჩერებული იყო 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
„ახალი სქემა უნდა შემუშავდეს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე დაფუძნებით, როგორიცაა საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებული გაუმჯობესებული მოდელები. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის ფარგლებში:
• განხილულ იქნა სქემის ეფექტურობასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით;
• ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, სადაც ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები/რეკომენდაციები.
• ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა სქემის განახლებული კონცეფციის რამდენიმე ვერსია, რომლებიც სკოლების ავტონომიურობის ხარისხის ზრდისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში მორგებულია სკოლის საჭიროებებს, ითვალისწინებს წლების განმავლობაში სასკოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს და ამავდროულად, ეფუძნება არსებული სქემის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და მოცემულობებს. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კონცეფციები განხილულ იქნეს დაინტერესებული მხარეების - მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პროფესიული კავშირის წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს ექსპერტების მიერ, რაც საშუალებას მოგვცემს, განხილვის ეტაპზე დამუშავდეს და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს სქემის კონცეფციის პროექტი.
შეთანხმებული კონცეფციის პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის საფუძველი გახდება.
აღნიშნული სამუშაოების კომპლექსურობის, სხვადასხვა მხარის ჩართულობით განხილვისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდეს სქემის ზემოთ აღნიშნული მუხლების მოქმედების შეჩერების ვადა“, - აღნიშნულია განცხადებაში.