შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება.
I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00-ზე. II სესიაზე რეგისტრაცია -14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
13 იანვარს ოლიმპიადა სამ სესიად ჩატარდება:
10:00 საათზე - ბიოლოგიაში;
12:00 საათზე - გერმანულ ენაში;
15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.
რეგისტრაციის დროს მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
ტესტირების მსვლელობისას მოსწავლეს ეკრძალება:
მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა გამოყენება;
სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ მეთვალყურესთან ერთად).
ტესტირების დროს ნებისმიერი პროცედურული დარღვევის აღმოჩენის შესახებ ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს საპრეტენზიო განაცხადით მომართოს ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულების მომდევნო დღის 17:00 საათამდე.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.