ახალციხის №5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს გზა დაულოცეს
19-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სკოლას საუკეთესო დღესასწაულები აჩუქეს.
კერძოდ, ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით პირველი კლასის თითოეულმა ხელმძღვანელმა საზოგადოებას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ დედაენის სიყვარულითა და პატივისცემით გაჟღენთილი ღონისძიებები წარმოუდგინეს.
თითოეული პირველი კლასის ღონისძიებას თავისი სლოგანი ჰქონდა: ,,ტაძარში ერთი ღმერთია-ენაი ქართული“ (კლასის ხელმძღვანელი ციალა ასპანიძე); ,,შენი ფრთები წიგნებია-ისინი აგაფრენენ მაღლა“ (კლასის ხელმძღვანელი ლია კაველიძე); ,,დედაენის მეჯლისი“ (კლასის ხელმძღვანელი მაია შველიძე); ,,სამშობლო ანიდან ჰოემდე ჩვენია“ (კლასის ხელმძღვანელი ლალი სოლომონიძე).
თითოეულ ღონისძიებას ორიგინალური დეკორაციები ამშვენებდა, პატარების მომხიბლავი ჩაცმულობა ისედაც ამაღელვებელ და ემოციებით სავსე ატმოსფეროს განსაკუთრებულ ელფერსა და ხიბლს სძენდა.
ბავშვები გაბრწყინებული სახეებითა და ანთებული თვალებით მსმენელს ერთი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით შესწავლილი ანბანის სიყვარულს უხვად უზიარებდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ლექსებს უძღვნიდნენ.
ღონისძიებებს სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მათ ბედნიერ და მხიარულ პატარებს გზა დაულოცეს და ცოდნის უკიდეგანო სამყაროში დიდი წარმატება უსურვეს. იხილეთ ფოტოები