საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ჩარგალში იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, ბოლშევიკების მიერ ვერაგულად მოკლული - მიხა ხელაშვილის (დიაკონი მიქაელი) ხსოვნას.
მიმდინარე წელს მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 125 და გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა.
ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე), იქ მყოფ მოძღვრებთან ერთად, მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და მოსწავლეებს ქადაგებაში მოუთხრო მიხა ხელაშვილის ხანმოკლე გმირული ცხოვრებისა და უშიშარი სიკვდილის შესახებ.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, დირექტორის მოადგილემ, საქართველოს ისტორიის პედაგოგემა, ისტორიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელმა იოსებ აფაქიძემ და რელიგიისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგმა - ივერი მერკვილაძემ მოსწავლეებს უამბეს მიხა ხელაშვილის ცხოვრების ეპიზოდები და საქართველოს გასაბჭოების შემდგომი პერიოდის ქრონიკები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის საგმირო საქმეები.
გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ბინდისფერია სოფელი“.
აღსანიშნავია, რომ გინმაზიელები, ჩარგლიდან ქალაქ დუშეთში გაემგზავრნენ და პატივი მიაგეს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლის, ახალგაზრდა ჟურნალისტის - ნაზი შამანაურის ხსოვნას.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ნაზის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავი აკურთხა.
საქართველოს ისტორიის პედაგოგმა, იოსებ აფაქიძემ მოსწავლეებს მოუთხრო ნაზი შამანაურის ხანმოკლე ცხოვრების, დევნისა და რეპრესიების შესახებ და მოსწავლეებს ურჩია წაიკითხონ ნაზი შამანაურის წერილების მიხედვით გამოცემული წიგნი - „ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მალულად დაწერა და საავადმყოფოს ერთ ერთი კეთილშობილი თანამშრომლის მეშვეობით გამოუგზავნა ქართველ დისიდენტებს.
იხილეთ ფოტოები: