ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას მეტად საინტერესო და ორიგინალური აქტივობით შეუერთდა.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მოაწყეს საქველმოქმედო აქცია - „წიგნი ყველა ბავშვს“.
აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, შეაგროვეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა და
შეგროვილი წიგნები საჩუქრად გადასცეს გუდაურის საბავშვო ბაღს.
ამ საქველმოქმედო აქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ბაღის პატარა აღსაზრდელებში, ასევე პედაგოგებში. პატარები ხალისითა და ინტერესით გაეცნენ წიგნებს. სკოლის მოსწავლეებმა კი მათ ზღაპრები წაუკითხეს. ბაღის პედაგოგებმა და დირექციამ დიდი მადლობა გამოხატეს მოსწავლეებისა და სკოლის მიმართ და აღნიშნეს, რომ გადაცემულ ლიტერატურას აქტიურად გამოიყენებენ სააღმზრდელო პროცესში.
„მოგახსენებთ რომ გუდაურის საჯარო სკოლის მეცხრე კლასელებისგან შემდგარი ეკოკლუბი აქტიურადაა ჩართული ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და მდგრადი განვითარების 17 მიზანთან დაკავშირებულ ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი „ხარისხიანი განათლება“ იყო ერთ-ერთი მოტივატორი აღნიშნული საქველმოქმედო აქციისა, რომელიც ჩვენმა ბავშვებმა განახორციელეს.
ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტები და სასიკეთო საქმეები მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, -აღნიშნა გუდაურის სკოლის მეცხრე კლასის დამრიგებელმა ცისანა ქვრივიშვილმა და ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
იხილეთ ფოტოები: