კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
შესაბამისად, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში პატარა ბეჯითმა ll-lll კლასელებმა „დიდი იაკობის“ მოთხრობების კრებული წიგნად აკინძეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
მკითხველთა კლუბში კი მოეწყო წიგნის კითხვის დღე. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა და სხვებსაც მოუწოდეს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო