„ვირუსების პიკი გადავლილი არ არის - განსაკუთრებული რისკის ქვეშ 5 წლამდე ბავშვები არიან, მათ უმრავლესობას ფილტვების ანთება აქვს“ - ივანე ჩხაიძე
17-02-2025

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებზე აქცენტი, ვინაიდან 5 წლამდე, განსაკუთრებით 1-2 წლის ასაკის ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან.

„იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. გრიპის ვირუსის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთებაა. 50%-ზე მეტი ფილტვების ანთება გვქონდა. ძირითადი საშიშროება ფილტვების ანთებაა.

როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა.

ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული. თუ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტია, ეს მიანიშნებს ფილტვის ანთებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ვირუსისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს, გრიპის როგორც „ა“, ისე „ბე“ ტიპის ვირუსს ახასიათებს: მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა.

ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის ვირუსის პიკი ჯერ კიდევ არ არის გადასული: „პიკი იმ შემთხვევაში აღარ იქნება, თუ 2-3 კვირის განმავლობაში გრიპის რაოდენობა 50%-ს ჩამოსცილება“, - განმარტა პროფესორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...