აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, 2025 წლის 19 თებერვალს ჩატარდა კონფერენცია „ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებელზე“.
რესურსცენტრის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი საუკეთესო თემა და გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები.
პირველი ადგილი დაიკავა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, ძველი აბაშის საჯარო სკოლამ, მეორე საპრიზო ადგილი აბაშის მუნიციპალიტეტის, ზანათის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზეა დუტუ მეგრელის სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, სუჯუნის საჯარო სკოლა.
გარდა ამისა, გადანაწილდა საპრიზო ადგილები გარკვეულ ნომინაციებში, რომელთა შორის „სიღრმისეულ გააზრებაში“ გაიმარჯვა ქალაქ აბაშის, ნოღოხაშის საჯარო სკოლამ, ხოლო ნომინაციაში „ორიგინალურობა“ გაიმარჯვა აბაშის მუნიციპალიტეტის, მარანის საჯარო სკოლამ, ნომინაციაში „თხრობის ორგანიზებულობა“ კი გამარჯვება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას ხვდა წილად.
მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი მსგავსი სახის აქტივობებს სისტემატურად განახორციელებს.
„დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - ნინი ხორავამ და სალომე ნადარეიშვილმა კონფერენციაზე პირველი ადგილი მოიპოვეს!
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ გამორჩეული შედეგის მიღწევა, როცა საკუთარ ცოდნას, შემოქმედებით აზროვნებას და გუნდურ მუშაობას აერთიანებენ.
ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ მომავალ წარმატებებს...“ - ასე გამოეხმაურა ძველი აბაშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა მიღწეულ წარმატებას.