თბილისის N89 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ისინი მრავალმხრივ განვითარდნენ. იმავდროულად კი, სკოლაში არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.
თბილისის N89 საჯარო სკოლის XII „ა“ კლასის მოსწავლეებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს, საქართველოს თავისუფლებისათვის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ჯარისკაცთა ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები: