ახალციხის №5 საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 176-ე და ,,დედა ენის“ 140 წლისთავს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, როგორც სკოლის პედაგოგებს, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
მე-5 სკოლიდან ნამუშევრები გაიგზავნა მასწავლებლების, ლალი მაჭავარიანის, ნათია მღებრიშვილის, ნინო გელაშვილის, მედეა მერაბიშვილის მიერ.
Iგ კლასის მოსწავლეებმა კი წარადგინეს ილუსტრირებული ხელისგულისოდენა წიგნი.
მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ პასუხს. შედეგი სასიხარულო აღმოჩნდა, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც.
ახალციხის №5 სკოლამ დაიმსახურა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მასწავლებელთა მიერ საუკეთესო საკონკურსო ნაშრომების წარდგენისათვის, პედაგოგებმა და Iგ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს სიგელები კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.
გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ, დირექტორის მოადგილეებმა: ზოია ბალიაშვილმა და რიტა კირკიტაძემ.
Iგ კლასის მასწავლებელი მედეა მერაბიშვილი იაკობ გოგებაშვილზე საუბრობს:
,,დიდო იაკობ! დღეს შენს ერს კუთვნილ სიმაღლეზე აჰყავს შენი მშობლიური ენა, მამული სარწმუნოება. ,,კრულია მისი სახელი, ვინც დაჰგმობს დედაენასა, თვის ტომს ღალატობს და ამით ფიქრობს მაღლა ფრენასა“. დიახ, ძია იაკობ! თქვენ დღეს უკვდავი ხართ. ამ სულისკვეთებით თუ გავზრდით ჩვენს მოსწავლეებს, მაშინ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“. - დასძენს მედეა მერაბიშვილი.