ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
მარტი ღიმილით და ყვავილებით სავსე თვეა - მოსწავლეებმა ღონისძიება გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან მასში სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა.
დირექციის, დამრიგებლებისა და მშობელთა კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გახლდათ გაჯერებული: ჩატარდა შეჯიბრი ბიჭებისა და დედების მონაწილეობით, ასევე ბავშვებმა მშობლებთან ერთად დაამზადეს თაიგულები, საკუთარი ხელით შექმნეს მისალოცი ბარათები, შეასრულეს სიმღერები, ხოლო ბიჭებმა დედებთან ერთად იცეკვეს ვალსი.
„სკოლის დირექტორმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა ყველა ქალბატონ - თანამშრომელს და ყველა დედას მიულოცა დღესასწაული და აღნიშნა, რომ ისინი არიან სიყვარულის, სიმტკიცის, უსაზღვრო მზრუნველობის განსახიერება. სწორედ მათი თავდადება და უპირობო სიყვარული ქმნის სამყაროს. მათი გულის სითბო ჩვენს ცხოვრებას ათბობს ყოველდღე. დედის სიყვარული არის ერთადერთი სიყვარული, რომელიც უპირობოა, დაუსრულებელი და უანგარო. ყველა დედა გმირია.
პედაგოგმა ლამარა გრკიკიანმა მადლობა გადაუხადა დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს, ღონისძიების დასასრულს კი.ბავშვებმა მშობლებს ქოთნის ყვავილები აჩუქეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: