თბილისის N96 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებლის - ქერიმ გუმბათოვის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი საინტერესო პროექტი დაიწყო სახელწოდებით - „გაზეთი - მოქალაქეობა“.
პროექტი საკუთარი სასკოლო გაზეთის შექმნას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ინიციატორები სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და „სამოქალაქო განათლების კლუბი“ იყვნენ. ახლა კი ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გამოსცადოს საკუთარი თავი და უნარები ჟურნალისტიკაში, რედაქტორობაში, ფოტოგრაფიასა ანდა სხვადასხვა სახის ილუსტრაციების შექმნაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია არა მხოლოდ სასკოლო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საინტერესო მოვლენების შესახებ თხრობა, არამედ სკოლის საზოგადოების წევრებს საშუალება მისცეს განავითარონ შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები.
გაზეთში გამოქვეყნდება ახალი ამბები, ინტერვიუები მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, სასარგებლო რჩევები და ორიგინალურ სტატიებიც. გაზეთის სარედაქციო საბჭო ყოველკვირეულად შეიკრიბება, რათა განიხილოს ახალი იდეები და მოამზადოს მასალები მკითხველებისთვის.
სკოლის რედაცია კი ეპატიჟება ყველა მოსწავლეს, ვისაც აქვს საინტერესო იდეები, ტექსტების წერის ან ფოტოგრაფიის ნიჭი.
იხილეთ ფოტოები: