20 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს ყველა აბიტურიენტისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესი იქნება.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია გაუძღვებიან.
გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ცენტრის წარმომადგენლებისაგან ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: როგორ და რა ვადებში უნდა გაიარონ რეგისტრაციის სხვადასხვა ეტაპი, რა უნდა გაითვალისწინონ პროგრამების არჩევის დროს, რა შემთხვევაში უნდა მონიშნონ სპეციალური პირობა, რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ ასეთ შემთხვევაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ონლაინ ღია კარის დღე Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება შესაძლებელია 20 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე ბმულის საშუალებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებისათვის ღია კარის დღეების ჩატარებას გეგმავს ყოველკვირეულად როგორც ონლაინ, ისე პირისპირ რეჟიმში.