„გვსურდა, მარადჭაბუკი პოეტისთვის ჩვენებური გაზაფხული მიგველოცა“-ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის საფლავზე პოეზიის შუადღე მოაწყვეს
18-03-2025

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გზისპირზე მოგროვებული გაზაფხულის მახარობელი ყვავილებით ლადო ასათიანის საფლავი მოინახულეს და პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ბავშვებმა იქვე ლადო ასათიანის პოეზიის შუადღეც მოაწყვეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.

ლადო ასათიანის სახელობის სკოლის „ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონი მეხუთე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორი მთვარისა ახვლედიანი თბილისის თავისუფალ სკოლაში სტუმრობის შემდეგ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ეწვივნენ.

„გვსურდა, ლადოსათვის ჩვენებური გაზაფხული მიგველოცა, მშობლიური კუთხის ის სურნელი გვეგრძნობინებინა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა, რაც ამ სტრიქონებშიც ნათლად ჩანს:

„მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა...

სიყვარული მჭირს განუკურნელი...

ამისთვის გაზაფხულის მახარობელი ყვავილები ჩვენს გზისპირებზე შევაგროვეთ და წამოვიღეთ.

იქვე, სახელდახელოდ, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ლადოს პოეზიის დღეც მოვაწყვეთ და მისი ცხოვრების ეპიზოდებიც გავიხსენეთ.

სიხარულითა და სიამაყით სავსენი გამოვეთხოვეთ მარადჭაბუკი პოეტის ძვალთშესალაგს და კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“,- გვიყვება სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...