შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება, ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:
გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
ვერ მოიპოვა/არ აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე;
შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული, მაგრამ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია ატესტატთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღო და შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი არ წარმოადგინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.