ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია.
შედეგისა და ნაშრომის ასლის სანახავად ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვის შესაძლებლობა ასევე აქვს სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 24 მარტის 10:00 საათიდან 25 მარტის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების გათვალისწინებით.