პოეზიის უგვირგვინო მეფე - გალაკტიონი - წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში პოეტის შემოქმედებას მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
24-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას; აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პედაგოგების ხელმძღვანელობით ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მიღებული ცოდნის განმტკიცებას ემსახურება.

ამის დასტურია გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ სეფაშვილმა III, VII და VIII კლასების მოსწავლეებს მოუთხრო გალაკტიონის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, რამაც მოსწავლეთა ინტერესი გააღვივა  - მათ მოისურვეს, მეტი შეეტყოთ მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტის შესახებ.

აქტივობის ფარგლებში, კლასში მოსწავლეებმა ნახეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის მიერ
შექმნილი დოკუმენტური ფილმი, აგრეთვე მოისმინეს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფის - ვახტანგ ჯავახაძის მონათხრობი პოეზიის უგვირგვინო მეფე გალაკტიონზე...

„ასევე წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და აღფრთოვანდნენ ლექსწერის სტრატეგიებით: მხატვრული
ხერხებით, რითმითა და განუმეორებელი რიტმით... შთამომავლობამ შეიყვარა „მე და ღამის“, „მთაწმინდის მთვარის“, „ლურჯა ცხენების“, „იისფერი თოვლისა“ და კიდევ სხვა მრავალი პოეტური შედევრის შემქმნელი „მეფე მგოსანი“ - გალაკტიონი.

მოსწავლეები გაეცნენ გალაკტიონის წერილს ოლღა ოკუჯავასადმი, ასევე ოლღას საპასუხო წერილს. მოიხიბლნენ უსათუთესი ეპითეტებით შემკული წერილით, რომელიც მან დედას გაუგზავნა სოფელში...“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების დასასრულს შეიქმნა ორი ჯგუფი და შერჩეული ლექსის - „წერილი სოფლიდან“ სტრიქონების ორტაეპედებში გამოტოვებული ბოლო სიტყვების სანაცვლოდ, პირადი გამოცდილებითა და წინა ტაეპის რითმაზე დაკვირვებით შეავსეს დაკლებული სარითმო ერთეულები...

„რითმობანა“ შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის - მათ კარგად გაართვეს თავი შეთავაზებულ აქტივობას, შემდეგ კი ლექსის სტრიქონები თანამიმდევრულად დაალაგეს და აღადგინეს ლექსი.

 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები

ვიდეო

ვიდეო 1

ვიდეო 2

ვიდეო 3

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...