ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.
ახლახან, განძის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ქართულს, როგორც მეორე ენას, პედაგოგის, კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს საინტერესო პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ ნარჩენების გადამუშავება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს, ბავშვებმა პლასტმასის ბოთლებისგან შექმნეს სხვადასხვა ნივთები, რითაც დაადასტურეს, რომ ნარჩენებს შეიძლება ახალი სიცოცხლე „ვაჩუქოთ“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი პლაკატი: ერთზე დედამიწა დამწუხრებულია ნარჩენების გამო, მეორეზე კი – ბედნიერი, რადგან ბავშვებმა იპოვეს პრობლემის გადაჭრის გზა.
„ეს პროექტი არამარტო პრაქტიკული, არამედ საგანმანათლებლო მნიშვნელობისაც იყო, რადგან ბავშვებმა გააცნობიერეს გარემოს დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობა და გადამუშავების სარგებელი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.