ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;
ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისთვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.