„ჩვენ გვიყვარს ყველა“ - თბილისის N39 საჯარო სკოლის პირველკლასელები „ჭრელი წინდების აქციას“ შეუერთდნენ
26-03-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ყველაზე უმცროსი მოსწავლეებისთვის ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ მათ სრულ ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

როგორც თბილისის N39 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, ცნობიერების ამაღლების მიზნით I „ბ“ კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი. პირველკლასელებმა ნახეს პრეზენტაცია „მზის შვილებთან“ დაკავშირებით, მოისმინეს ინფორმაცია, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ და თავადაც გამოჭრეს ფერად-ფერადი წინდები.

„ყველა შევთანხმდით ერთ აზრზე: „ჩვენ გვიყვარს ყველა და მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - ასე გამოეხმაურა სკოლა პირველკლასელთა შემეცნებით აქტივობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ირმა მახარობლიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...