რუსთავის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.
სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის აღსანიშნავია ბიოლოგიის პედაგოგის, ნანა ჯგუბურიას მიერ, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანიც გახლდათ დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, მოსწავლეთა კონფერენცია, სახელწოდებით - „მუტაციები ჩვენს ირგვლივ“, რომლის საშუალებითაც თანატოლებს გააცნეს ინფორმაცია არა მხოლოდ დაუნის, არამედ სხვადასხვა სინდრომის შესახებ, რომლებიც გამოწვეულია გენური, გენომური და ქრომოსომული მუტაციებით.
„მოსწავლეებმა პრეზენტაციაში გაამახვილეს ყურადღება სინდრომების გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მეთოდებზე... დიდი მადლობა მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს“, - აღნიშნულია რუსთავის N3 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: