საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სტიგმების წინააღმდეგ - მეცხრეკლასელებმა საინტერესო კონფერენცია წარმოადგინეს
28-03-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.

მრავალფეროვანი ღონისძიებით შეუერთდა საგვაზავოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ, ლია კუპრეიშვილთან ერთად, წარმოადგინეს ინფორმაციული, შემეცნებითი კონფერენცია, რომელიც სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი, განურჩევლად განსხვავებულობისა, იმსახურებს თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.

დასაქმების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა მათი წარმატებული ინტეგრაციისთვის აუცილებელია“, - ასეთია საგვაზავოს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელების პოზიციაც და მთავარი სათქმელიც -  „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...