საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
31 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 86 წლის გახდებოდა. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.
წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მთაწმინდაზე, მწერალთა და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
ზვიად გამსახურდიას საფლავთან სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
მან მოსწავლეებს, პედაგოგებს და მთაწმინდაზე მყოფ საზოგადოებას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსხურდიას დაბადების 86 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დემოკრატიული მრავალპარტიული ადგილობრივი არჩევნების (1991) დღე მიულოცა.
პანაშვიდის შემდეგ მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები, მოილოცეს წმიდა დავით გარეჯელის ტაძარი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ხელოვნების სკოლის გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ვაჟებთან ერთად) შეასრულა სიმღერა „შავლეგო“. ანსამბლის ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: