სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.
ახლახან, პროექტის - „აღმოაჩინე შენი პროფესია“ - ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური როლური თამაში - გაეროს მოდელირება, სადაც IX -XII კლასების მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატების როლები და ჩაერთნენ საინტერესო დებატებსა თუ მოლაპარაკებებში.
პროექტს ხელმძღვანელობდა მაია მანჩხაშვილი, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის თანახელმძღვანელი;
როგორც სკოლაში გვიამბობენ, პროექტში ჩართვას ხელმძღვანელობდა ბოდბისხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნათია პავლიაშვილი, ხოლო თავად სკოლას წარმოადგენდნენ IX კლასის მოსწავლეები ნატო ტუხაშვილი და მარიამ კუსრაშვილი, ასევე X კლასის მოსწავლე ანანო გუდავაძე.
აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს როლურ თამაშში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს.