სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმძღვანელო, რომელსაც საგან „მე და საზოგადოებას“ სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან მოძველებულია და აფერხებს ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.
2024 წელს არ გამოცხადებულა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და შესაბამისად, არ შემდგარა რეცენზირების პროცესი. საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ მოძველებული, 2018 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს და აფერხებს ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.
მართალია, მასწავლებლებს უფლება აქვთ ზემოხსენებული საგნის თემების სწავლებისას გამოიყენონ ნებისმიერი დამხმარე რესურსი, მათ შორის, გზამკვლევები თუმცა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების როლი სასწავლო პროცესში კვლავ უმნიშვნელოვანესია.
სამინისტროს განმარტებით, გრიფირების კონკურსის გამოუცხადებლობა, სხვა მიზეზებს შორის, გამოწვეული იყო საგნის სტანდარტების ცვლილებითაც.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესის სათანადოდ განსახორციელებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ იგი წარიმართოს განახლებული და გრიფმინიჭებული, ან სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით, რადგან ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელოების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ ფასდება.