ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში, მათემატიკის მასწავლებელმა გუგული ანანიძემ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „მდგრადი განვითარების მათემატიკური მოდელები და ესეები“ ,რომელიც დაუკავშირა “ტყის საერთაშორისო დღეს“.
ინტეგრირებულ გაკვეთილში მონაწილეობას იღებდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა შარაძე. ასევე, მერვე კლასის მოსწავლე, თამუნა ჩხეიძე, მეცხრე კლასის მოსწავლე კახა გორგილაძე და მეათე კლასის მოსწავლეები, გოგიტიძე ლაშა და ქობულაძე ლაშა;
გაკვეთილს ესწრებოდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი როინ ნაკაიძე.
მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა ქობულაძემ წარმოადგინა მსჯელობითი ტიპის ანალიტიკური ესე „ეკოლოგიური პრობლემები-ტყის საფარის შემცირება, გაუდაბნოება, ეროზია“, რომელშიც მოკვლეული და განსაზღვრული იყო კონკრეტულად მის საცხოვრებელ ადგილას არსებული რეალური პრობლემები, სიტუაციები და პრობლემების აღმოფხვრის კონკრეტული გზები.
მოსწავლეებმა გაიაზრეს ტყის საერთაშორისო დღის, ხის დარგვის საერთაშორისო დღისა და მათი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარების საქმეში.
ინფორმაციის მიხედვით შექმნეს მათემატიკური მოდელები; გამოითვალეს პროცენტული ცვლილებები და ტენდენციები ტყის მნიშვნელობაზე; განიხილეს ხის დარგვის ეფექტი ნახშირბადის ემისიის შემცირებაზე და გააკეთეს დასკვნები.