„საშინაო დავალებებს ძირითადად კლასში გავაკეთებდი“ -  თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი ელდარ არაბული
10-04-2025
თბილისის №200 საჯარო სკოლის დირექტორი, ელდარ არაბული მოსწავლის კეთილდღეობას სასკოლო გარემოს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. იგი ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვას განათლების როლზე, საშინაო დავალებების საჭიროებაზე და იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა: უსაფრთხო, ეკოლოგიური, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და მოსწავლეზე მორგებული.     
 
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
 
-დაცული და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა, მისი უფლებების, პიროვნული თვითშეფასების აღიარება და გაზიარება. კრიზისულ სიტუაციებში მხარდაჭერის გამოხატვა და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად დახმარების შეთავაზება.
 
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან... 
 
-განათლება საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარების ძირითადი საფუძველია. მეტი ცოდნა საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს კონკურენტუნარიანი როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განათლებული ადამიანები ქმნიან ბირთვს, რომელიც წარმართავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს.
 
-საშინაო დავალება უნდა იყოს... 
 
-საშინაო დავალებას შევამცირებდი საგრძნობლად. უმეტესად, ყველა დავალებაზე ვიმუშავებდი კლასში  და ჩაერთვებოდა ყველა მოსწავლე.
 
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი... 
 
-საშუალო საფეხურზე  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.
 
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
 
-ისტორია და  გეოგრაფია.
 
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
 
-ჩემთვის მნიშვნელოვანია არა საქვეყნოდ ცნობილი, არამედ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟის მქონე იმ პიროვნებების მასწავლებლად არჩევა, ვისი ძალისხმევის შედეგად არაერთმა თაობამ მიაღწია წარმატებას როგორც პროფესიულად ისე პიროვნულად.
 
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
 
- უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურით მოწყობილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ჯანსაღი და ხელმისაწვდომი სასკოლო კვებით. საბაზო-საშუალო საფეხურზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დატვირთული.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...