ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შთამბეჭდავი და ემოციური ლიტერატურული საღამოს მოწყობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
14-04-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო მოაწყო. კლუბის წევრებმა მისი ხელმძღვანელის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მზია ბაიდოშვილის ორგანიზებით ლევან გოთუას „გმირთა ვარამი" და ქეთევან წამებული“ აირჩეეს შესასწავლად და წარმოსაჩენად. 

მთავარანგელოზთა კომპლექსში შემავალი მუზეუმის დარბაზში ჩატარაებული ლიტერატურული საღამო ემოციური იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. როგორც პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი აღნიშნავს, „ეს იყო საღამო, სადაც დიდი სულიერი დატვირთვა და ტკივილი ერთნაირად განიცადა დიდმაც და პატარამაც“. 

„ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ და „ქეთევან წამებული“

შეუძლებელია არსებობდეს გონიერი ქართველი კაცი, ვისთვისაც წმინდა დედოფალი ქეთევან წამებული არ იქნებოდა ქართული ქრისტიანული სულის სიმტკიცე და მაგალითი თავდადებისა ქრისტესთვის და ქართველობისთვის. ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ქეთევან დედოფლისა და მისი ოჯახის ის ტრაგიკული ისტორიაა, რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას, სანამ არსებობს საქართველო და ქართველი ერი, კახეთი.  

საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია, „გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას - ოსმალეთის, ირანის და რუსეთის იმპერიებს შორის. ეს არის უმძიმესი ჟამი, განსაცდელი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა.

საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი, რაც  შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ლევან გოთუა მკითხველს ძლიერი ემოციით აჩვენებს თეიმურაზ მეფის და ქეთევანის ოჯახის წევრთა გაწირვასა და მსხვერპლს იმ რთულ ეპოქაში. „გმირთა ვარამი“ ამ მსხვერპლის ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ქეთევან დედოფლის წამებით იწყება და მის შვილიშვილთა ბედით გრძელდება.

უმნიშვნელოვანესია სულიერი დრამა, რაც ურყევი რწმენით გამოიხატება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება: ქრისტეს სიყვარულს ვერაფერი შეარყევს! დედოფალი არ ემხრობა ურჯულო ძალას, არ უშინდება ტანჯვას. ამ სულიერ გამარჯვებაში განმტკიცება მისი ღვთისთანაობა.

დედოფლის თავგანწირვა მსოფლიოსთვის გახდა მაგალითი. ქეთევან დედოფლის წამება აღწერა არა მხოლოდ თეიმურაზ I-მა პოემით „წამება ქეთევან დედოფლისა“, არამედ გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, . კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ანდრიუს გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. აქვე გავიხსენებ იმ ფაქტსაც, რომ ყვარლის სახალხო თეატრში უახლოეს წარსულში დიდი წარმატებით დაიდგა სპექტაკლი „ქეთევან წამებული“, რომელიც ყვარლის არაპროფესიონალმა დასმა წარმოადგინა, მაგრამ აღაფრთოვანა თეატრის მოყვარული საზოგადოება. მაშინ რაღა გასაკვირია, რომ ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები სწორედაც ლევან გოთუას „გმირთა ვარამს" აირჩევენ შესასწავლადა და წარმოსაჩენად თავად წმინდა გრემის მიდამოებში, რომელსაც გადმოჰყურებს მთავარანგელოზ გაბრიელისა და მიქაელის წმინდა ტაძარი, კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, სამსართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი.

უდიდესი შრომა გასწია კლუბის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქ-მა მზია ბაიდოშვილმა ამ უმნიშვნელოვანეს და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საქმეში.

ეს იყო, არა ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოების განხილვა, არამედ ემოციური შეგრძნება იმ ტრაგედიისა, სულისა, ტანჯვისა, რასაც ქართველობამ გაუძლო. ამ შრომას ნაყოფად უნდა მოესხა ახალგაზრდა მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბლის სიღრმისეულად გააზრება, თუ რის შედეგად მოვიდნენ დღემდე, რის ფასად დაჯდა ქართველობის შენარჩუნება, რა უნდა წარმოადგენდეს ღირსებასა და სიამაყეს და რა სულისკვეთების მატარებელი უნდა იყოს თანამედროვე ქართველი, რათა ღირებული იყოს მათი თავგანწირვა, დაფასებული და არა შეგინებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი. 

მთავარანგელოზთა კომპლექსში შემავალი მუზეუმის დარბაზში შედგა ეს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული საღამო მიმდინარე წლის 11 აპრილს. ექსპოზიციით გამდიდრებული დარბაზი უკვე განაწყობდა მისულ სტუმრებს იმ ეპოქისთვის, რომელიც გააცოცხლეს მოსწავლეებმა მხატვრული კითხვითა და პატრიოტული, ეროვნული სიმღერებითა და ლექსებით, რასაც სიმბოლურად გასდევდა წითელი ჯვრებით შემკული დროშა და  ნაღვლიანი მუსიკა. 

მოსწავლეები ემოციურად გრძნობდნენ თითოეულ სიტყვას და დამსწრე საზოგადოებაც გულაჩუყებული და სევდიანი მიჰყვებოდა ისტორიას.

სკოლის დირექციამ დიდად შეუწყო ხელი მკითხველთა კლუბს სანუკვარი სურვილს გრემის წმინდა ადგილას განეხორციელებინა ლიტერატურული საღამო, უზრუნველყო ყველა საჭიროებით.

უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა განახორციელა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ და კულტურის სამსახურის განვითარების ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა, რისთვისაც მადლიერია სკოლა.

თბილი სიტყვებით მოეფერა დირექტორი, ლეილა ქოჩორაშვილი მონაწილეებს, გულწრფელი ემოციითა და განცდით. მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა გაწეული საქმიანობისათვის, შრომისთვის“, - აღნიშნულია პედაგოგის  ეკატერინე ავაზაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:


იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...