ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ახლახან, სამოქალაქო განათლების GOAL CHANGEMAKERS წევრებმა (მეურვეები: მარინე ზარქუა, ეკატერინე ნაროუშვილი), 9 აპრილის ისტორიულ თარიღს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს - გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირული გმირები და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული სტუდენტის, აზა ადამიას ხსოვნას.
ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი და პირადად ესტუმრნენ აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 სკოლას, სადაც გაჩნდა ურთიერთთანამშრომლობის იდეაც;
ასევე, ეწვივნენ მარტვილის ტაძარს, სადაც სანთლები დაანთეს 9 აპრილს დაღუპული გმირების პატივსაცემად, შემდეგ კი მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტივობაში მონაწილეობა ადგილობრივი მოსწავლეებისთვის მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა.