ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
„მადლობა თავისუფლებისათვის“ ამ სიტყვებით მიაგო ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
I-II კლასების მოსწავლეებისთვის, პედაგოგებმა - მანანა ხურციძემ და მაია სვანიძემ, საინფორმაციო შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარეს.
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა მოისმინეს საქართველოს ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, ისაუბრეს 36 წლის განვითარებულ მოვლენებზე და ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე.
იმ დღეს ქუთაისის N24 საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი დაბრუნდა 36 წლის წინანდელ მთავარ გამზირზე - ეს გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში.