ქუთაისის N32 საჯარო სკოლა სტიგმების წინააღმდეგ - მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
15-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, ქვეყანას უზრდიან ღირსეულ მოქალაქეებს, უღვივებენ ბავშვებს ემპათიის უნარს და ასწავლიან ბრძოლას სტიგმებისა თუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობები და მათ შორის, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, „თვითმმართველობის მოსწავლეთა ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი სახალისო და საინტერესო აქტივობები განხორციელდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილ და სასიამოვნო გარემოში ბავშვებმა ნახეს მხატვრული ფილმი - „არაქისის შევარდენი“, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა“.

უფროსკლასელებმა პირველკლასელებს ინფორმაციული სახის პრეზენტაცია წარუდგინეს და მოაწყვეს ანიმაციური ფილმის ჩვენება; ასევე უამბეს, თუ რა დატვირთვა აქვს ჭრელ წინდას და რატომ იქცა იგი ამ დღის სიმბოლოდ.

მოსწავლეებმა თანატოლებს გაუზიარეს საჭირო ინფორმაცია; ვრცლად ისაუბრეს საზოგადოებაში არსებული სტიგმების შესახებ, გამოწვევების დაძლევის გზებზეც გაამახვილეს ყურადღება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი.

ღონისძიების დასასრულს კი მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...