„ეს ჩემი უფლებაა“ - ამ ფრაზას თანამედროვე ბავშვებისგან ხშირად გაიგონებთ და რთულია შეედავო - თითოეულ ადამიანს აქვს უფლებები, თუმცა პატარებს ავიწყდებათ, რომ ამ უფლებებთან ერთად გააჩნიათ მოვალეობებიც. მართალია მათ შესახებ საუბარი დიდად არ მოსწონთ, თუმცა ჩვენი, უფროსების ვალია - აღვზარდოთ მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეები და ამ მიმართულებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა ტარდება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც პროექტ „მე და საზოგადოების“ ფარგლებში, მოსწავლეთა მოვალეობებსა და უფლებებს მიეძღვნა.
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი მოვალეობაა კარგად სწავლა, საშინაო დავალებების შესრულება, წესრიგის დაცვა, სკოლის შინაგანაწესის შესრულება, სკოლის ქონების გაფრთხილება.
პედაგოგთან ერთად ისაუბრეს იმაზე, რომ დაუშვებელია ძალადობა, ხოლო რაც შეეხება უფლებებს, ერთხმად წარმოთქვეს - ჩვენი უფლებაა, ვიმეგობროთ თანატოლებთანო.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საკუთარი ხელით დაამზადეს კედლის გაზეთი, სადაც ჩამოწერეს უფლება-მოვალეობები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.