ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
ახლახან, KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი ბესო კაკაბაძე ესტუმრნენ.
შემეცნებით საჯარო ლექციას „ჯგუფის ქცევა და მისი ბოროტი ბუნება” იმერეთის რეგიონის IX-XII კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის ხელმძღვანელმა მირანდა გიორგაშვილმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ეხება ჯგუფის გავლენას ადამიანის ქცევაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლითაც ჯგუფი ცვლის მისი თითოეული წევრის განწყობას, აზროვნების სტილსა და ემოციებს.
„პასუხი გაეცა კითხვებს, თუ რა იწვევს გონიერი ადამიანის ირაციონალურ, იმპულსურ და ზოგჯერ დესტრუქციულ ქცევასაც კი, როცა ის ჯგუფშია, და როგორ შეიძლება ჯგუფის ასეთი გავლენისაგან თავის დაღწევა. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავისი ხედვები და დაკვირვებები, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.