ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი, რომელში მონაწილეობაც მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს მშობლიური ანბანის, ქართული დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ, კონკურსის დასრულების შემდეგ კი მონაწილეობისთვის სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.
ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.