ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ბავშვები საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ უფროსების პატივისცემას, იმაღლებენ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და ამის დასტურია მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულს ქმნის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.
ემოციური ღონისძიებით შეხვდა ძეძილეთის საჯარო სკოლა გაზაფხულის შემობრძანებას - 8 და 3 მარტის დღესასწაულებს ბავშვებმა მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.
დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს, საკუთარი ხელით დამზადებული თემატური ნამუშევრები, შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითეს ლექსები და კიდევ ერთხელ, ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს უთხრეს, რომ ისინი ძალიან უყვართ და რა თქმა უნდა, არც საყვარელი მასწავლებლები დავიწყებიათ.
ეს გახლდათ ემოცების ზღვა და გაზაფხულის ნამდვილი დღე-სასწაული. აქტივობას კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.