9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
23-04-2025

„ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი - მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა. მხედველობაში გვაქვს შემდეგი დღესასწაულები: ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი), მირქმა (15 თებერვალი), ხარება (7 აპრილი), ამაღლება (აღდგომიდან მეორმოცე დღე, ყოველთვის ემთხვევა ხუთშაბათს), ფერისცვალება (19 აგვისტო), ნინოობა (27 იანვარი) და ნიკოლოზობა (19 დეკემბერი). ასეთ საზეიმო თარიღებში, თუ ისინი სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები უღიმღამოდ, თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება. ჩამოთვლილი ცხრა დღესასწაულის სამოქალაქო დასვენების დღედ გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ პატივმიგებული იქნება უფლის ბრწყინვალე აღდგომა, 12 საუფლო დღესასწაული სრულად, სვეტიცხოვლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ოთხი წმინდანის - ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგის და წმ. ნიკოლოზის - ხსენების დღეები“, - ეს გახლავთ ამონარიდი ზაალ წერეთლის საკანონმდებლო წინდადადებიდან, რომლითაც პარლამენტს თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა მიმართა.

თავის მხრივ კი საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს აქვს დავალებული და ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, გამოვა, რომ არსებულ დასვენების დღეებს, რომლებიც პირაპირ ეხება საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებსა და ბაღებს, 9 ახალი დაემატება.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩამონათვალს:

ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი), მირქმა (15 თებერვალი), ხარება (7 აპრილი), ამაღლება (აღდგომიდან მეორმოცე დღე, ყოველთვის ემთხვევა ხუთშაბათს), ფერისცვალება (19 აგვისტო), ნინოობა (27 იანვარი) და ნიკოლოზობა (19 დეკემბერი).

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...