თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ცხადია, სკოლაში არაერთი აქტივობითა თუ ღონისძიებით აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე.
მათ შორის, Xბ კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - ირმა ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღეს განსაკუთრებული გაკვეთილი მიუძღვნეს.
მათ მოაწყვეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია, რომელშიც განიხილეს თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაცვითი ინიციატივები და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო მასალაც, რაც პლასტმასის ზემოქმედებას, ჰაერის დაბინძურებასა და ტყეების გაჩეხვის შედეგებს ასახავდა.
გაკვეთილი ინტერაქტიულად წარიმართა, მოსწავლეებმა წამოაყენეს წინადადებები და იდეები თუ როგორ უნდა დავიცვათ გარემო ყოველდღიური ქმედებებით: ნარჩენების გადამუშავებით, წყლისა და ელექტორენერგიის დაზოგვით, გამწვანებითა და ხეების დარგვით. მათი მთავარი გზავნილები იყო: „ჩვენი ძალა - ჩვენი პლანეტა!“, „დაიცავი შენი პლანეტა!“, „გახსოვდეს - დედამიწა შენი სახლია!“ მოსწავლეებმა თანატოლებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და გააცნობიეროს, რომ დედამიწის მომავალი სწორედ მათი ხელით იქმნება. გაკვეთილი მოტივაციისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კარგი მაგალითი გახდა.
საქართველოში დედამიწის დღე, უკვე 35 წელია მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა, მოსწავლეთა ცნობიერება.
იხილეთ ფოტოები: