სიღნაღის საჯარო სკოლა წიგნიერების, ენისა და ფასეულობების სადარაჯოზე
28-04-2025

1923 წელს კატალონიელმა წიგნის გამყიდველებმა, მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს წიგნების ფესტივალი მოაწყვეს, რომელიც ტრადიციად 1995 წლიდან იქცა.

წიგნის საერთაშორისო დღე „იუნესკომ“ დააწესა და ის ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის, სიღნაღის საჯარო სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ღონისძიებით შეუერთდა, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მესამე კლასში აქტივობის თემამ „მწერალი ჩემი ქალაქიდან“ განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია: ბავშვები გაეცნენ სიღნაღელი საბავშვო მწერლის - ვლადიმერ ასლამაზიშვილის შემოქმედებასა და მოღვაწეობას; ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე, წაიკითხეს ამ მწერლის მოთხრობები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

გარდა ამისა, მეოთხე და მეექვსე კლასებში ჩატარდა აქტივობა „ჩემი საყვარელი წიგნი“: მოსწავლეებმა მოიტანეს ის წიგნები, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ, ისაუბრეს ავტორებზე, პერსონაჟებზე და ყველაზე შთამბეჭდავ მომენტებზე.

მეხუთეკლასელებმა კლასის „წიგნის კლუბში“ წარადგინეს წაკითხული საყვარელი წიგნები. ისაუბრეს წიგნის ავტორზე,პერსონაჟებზე,ილუსტრაციებსა და იმ ეპიზოდებზე,რომლებზეც ფილმს  გადაიღებდნენ. ამ პრეზენტაციის უმთავრესი მიზანი იყო თანატოლებისთვის ერჩიათ, წაეკითხათ, მოეწონებინათ წაკითხული წიგნი.

მეშვიდე კლასის მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ ღონისძიებას. ნაწილმა წერილი მისწერა საყვარელ პერსონაჟს;ზოგმა წარმოსახვითი ინტერვიუ აიღო წიგნის ავტორისგან; რამდენიმემ წაკითხულ წიგნზე ისაუბრა.

ინგლისური ენის გაკვეთილებზე მეოთხე კლასელებმა წაიკითხეს კარლო კოლოდის “პინოქიოს თავგადასავალი” ინგლისურად და საყვარელი პერსონაჟების შესახებაც ისაუბრეს. აქტივობა მიზნად ისახავდა სიტყვათა მარაგის გამდიდრებას, მოსმენისა და კითხვითი უნარების განვითარებას.

მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ნაწარმოებები, განიხილეს პერსონაჟები,გაეცნენ  ავტორების ბიოგრაფიას და ისაუბრეს იმ ლიტერატურულ ღირებულებებზე, რომლებიც აქტუალურია თანამედროვე მკითხველისთვის.

მერვე კლასში კი ინგლისური ენის გაკვეთილზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლასიკური ინგლისური პოეზიის გაცნობაზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს უილიამ შექსპირის სონეტები ორიგინალში და გაეცნენ მათ ქართულ თარგმანებსაც. გაკვეთილზე განიხილეს შექსპირის ბიოგრაფია და მისი პიესების მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურაში.

„ამ დღეს ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი არა მხოლოდ ცოდნის წყაროა, არამედ კულტურის, შემოქმედების, თანამოზიარეობისა და თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა. სიღნაღის საჯარო სკოლა, თავისი მასწავლებლების და მოსწავლეების ძალისხმევით, ყოველთვის ემსახურება წიგნიერების, ენისა და ფასეულობების განვითარებას ახალ თაობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...