ლაითურის საჯარო სკოლაში ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იმსჯელეს
22-06-2018
დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ირმა თავართქილაძემ თემაზე - „ადამიანი და ბუნება“ ღია გაკვეთილი ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილზე მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შესახებ იმსჯელეს.
მუშაობის პროცესში მეხუთეკლასელებმა ზიგმუნდ ზალცმანის (ფელიქს ზალტენის) იმავე თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები – „ბემბი“ წაიკითხეს. ორ ნაწარმოებს შორის პარალელები გაავლეს, ცხოველებთან და ბუნებასთან მიმართებაში ადამიანის დაუნდობლობაზე დისკუსია გამართეს და ანიმაციას უყურეს.
„საქართველოს წითელი წიგნის„ საფუძველზე, რომლის სასკოლო სივრცეში პოპულარიზაციაც „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ფარგლებში ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ უმნიშვნელოვანესი მიზანია, მოსწავლეებმა თავად შეადგინეს მსგავსი პუბლიკაცია: მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს ილუსტრაციები და ადამიანებს წერილები მისწერეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.