''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ზედიზედ მეორე წელია მარელისის სკოლის მოსწავლე ეუფლება
07-12-2016

ნინო მაღრაძე ''ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელია. ვერა ოდიკაძე კი მარელისის სკოლის დირექტორი. სწორედ ამ სკოლაში სწავლობს ნინო მაღრაძე. 

როგორც მარელისის სკოლის დირექტორი "Etaloni.ge"-სთან საუბრისას აღნიშნავს, სადგურ მარელისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა. სკოლის წარმატება  ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლება სკოლის პრიორიტეტი და განმსაზღვრელი მიზანია:

"პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე. დირექცია აღიარებს და ახალისებს მიღწევებს, გაზიარებულია პასუხისმგებლობები. სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს ვიყოთ რეიტინგული სკოლა მოსწავლეთა მონაწილეობითა და გამარჯვებებით სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ასევე სკოლის კურსდამთავრებულთა აკადემიური მაჩვენებელი ეროვნულ გამოცდებსა და საატესტატო გამოცდებზე მაღალია. სკოლაში  აქტიური შემოქმედებითი საქმიანობაა. არის ინიციატივები და მხარდაჭერა წარმატებული სიახლეების დასანერგად. ვამაყობთ  ჩვენი ''ეტალონელი'' მოსწავლეებით. გასულ წელსაც და წელსაც რაიონის ეტალონი მოსწავლე ჩვენი სკოლიდანაა, რაც შემთხვევითი არაა. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას და თან წარმატებით.''

1. როგორი მოსწავლეა ‘’ხარაგაულის ეტალონი’’ მოსწავლის ტიტულის მფლობელი ნინო მაღრაძე?

ნინოს ვულოცავ გამარჯვებას. ეს ნინოსათვის სერიოზული ნაბიჯია მომავალი წარმატებებისათვის. ნინოს გამარჯვება არ გამკვირვებია. მეტიც ჩვენი სკოლიდან 3 მოსწავლე მონაწილეობდა ფინალში და ასევე მათაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა. ნინო აქტიური და მიზანმიმართულია. აქვს ლიდერის თვისებები, შრომისმოყვარე და ხალისიანია, ძალიან კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა, როგორც თანატოლებთან ასევე უფროსებთან. აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში.ნინოს უყვარს ბიოლოგია და  კარგადაც სწავლობს.

2. გავიგეთ, რომ გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, ნინო შესანიშნავად ჯირითობს ცხენზე.

ნინო, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში. უყვარს ბუნება,ლაშქრობებში მონაწილეობა. ცხენი მისი საყვარელი ცხოველია. კარგად ჯირითობს და ზოგადად არ არის ისეთი რამ რისი გაკეთებაც ნინოს არ შეუძლია. აღსანიშნავია,რომ ნინოს უფროსი ორი და ჰყავს,რომლებიც დღეს წარჩინებული სტუდენტები არიან და ისინიც განსაკუთრებული მოსწავლეები იყვნენ. მინდა ნინოს მშობლებს მივულოცო ნინოს გამარჯვება და ვუთხრა მადლობა,ასეთი კარგი შვილების აღზრდისთვის.

მინდა აღვნიშნო, ეტალონის საგანმანათლებლო მისიის დიდი მნიშვნელობა.ეს პროექტი სახალსო და სასკოლო პროექტია,რომელიც აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებს იპოვონ თავიანთი თავი და განსაზრცვრონ მომავალი.მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის შემოქმედებით ჯგუფს და აღვნიშნო,რომ ეტალონი სკოლის საქმიანობის ეფექტურობაში გვეხმარება და მოტივაციის მძლავრი ბერკეტია.მინდა გამოვხატო ბევრი სკოლის დირექტორისა და პედაგოგთა აზრი და აღვნიშნო,რომ ჩვენი სურვილია პროექტმა ასეთი ინტენსივობით კვლავ განაგრძოს საქმიანობა,რამეთუ ჩვენი მომავალი თაობის ხვალინდელ დღეს მართლაც სხივს სძენს ეს პროექტი.

"Etaloni.ge" ასევე გაესაუბრა ხარაგაულში ჩატარებული ‘’ეტალონის’’ გამარჯვებულს, ნინო მაღრაძეს. 

1. რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ‘’ეტალონის’’ გამარჯვებული?

ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაბიჯია, წინსვლაა. უდიდესი სტიმულია იმისთის,რომ ვიყო წარმატებული მოსწავლე, ვასახელო ჩემი სკოლა და უახლოესი ადამიანები. ,,ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის ტარება მარტივი არ იქნება. შევეცდები ღირსეულად ვატარო ეს ტიტული და ვიყო სხვა მოსწავლეებისთვის მისაბაძი და სამაგალითო, არა მარტო სწავლით, არამედ ქცევითაც.

2. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ‘’ეტალონის’’ შემდეგ?

ჯერ დროის მცირე მონაკვეთია გასული ჩემი ამ წარმატებიდან, თანდათან ვიგრძნობ, ალბათ, ცვლილებებს. იმედი მაქვს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

3. რა დროს უთმობთ სპორტულ აქტივობებს?

ჩემი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ მეცადინეობას,ინფორმაციის მოძიებას,ინტელექტუალურ სავარჯოშოებს და კროსვორდების შევსებას. მიყვარს მთა, ბუნებაში ხეტიალი. თავისუფალ დროს დავდივარ მეგობრებთან ერთად  ბუნებაში სასეირნოდ.

4. ნინო გავიგეთ, რომ შესანიშნავად ჯირითობთ ცხენზე. როდიდან დაიწყეთ ცხენზე ჯირითი.

არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ გამონაკლისს დავუშვებ. ცხენზე უკვე ოთხი წელია ვზივარ. ჩემს ცხოვრებაში ცხენს ძალიან დიდი ადგილი უკავია. მიყვარს ამ განსაკუთრებულ ცხოველთან ურთიერთობა.ვთვლი ,რომ მე მისი ენა კარგად მესმის.

5. რა დამატებითი ღონისძიებებით ხართ დღის განმავლობაში დაკავებული?

თავისუფალ დროს მიყვარს ხატვა, ვხატავ პორტრეტებს. მივსდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს ვერა ოდიკაძეს და ყველა ჩემს პედაგოგს, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგია თითოეული მოსწავლის წარმატება. მინდა გავამართლო მათი იმედები და ვიყო წარმატებული ადამიანი. ასევე დიდი მადლობა პროექტ ,,ეტალონს“ რომელმაც მომცა  შესაძლებლობა მომეპოვებინა გამარჯვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203