დუისის საჯარო სკოლამ წარმატებული სასწავლო წელი შეაჯამა
25-06-2018
დუისის საჯარო სკოლა ერთ–ერთი ყველაზე მაღალკონტიგენტიანი სკოლაა რაიონის მასშტაბით, სადაც ამჟამად 588 მოსწავლე სწავლობს, ამათგან 570 –ქართულ სექტორზე და 18 –რუსულ სექტორზე. 

სკოლაში დასაქმებულია 61 პედაგოგი, რომელთაგან 11 სერთიფიცირებულია, 3 პედაგოგს საგანი ჩაბარებული აქვს, ხოლო 8 პედაგოგს–პროფესიული უნარები. 

სკოლას ექიმი ჰყავს და მანდატურის სამსახური ემსახურება.

დუისის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ KINGS-ის მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ისინი სერთიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, THE LONDON SCHOOL OF ENGLISH–ის ინგლისური ენის ოლიმპიადაში ორმა მოსწავლემ პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვა. III-VII კლასის მოსწავლეები SHERLOK-ის მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებში ჩაერთნენ, ხოლო ROBINSON TEST-ის ინგლისური ენის ოლიმპიადაში სამი მოსწავლე ფინალამდე მივიდა და მათ პირველი ხარისხის დიპლომები და სერთიფიკატები გადაეცათ.

დუისის საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამაში აქტიურად არის ჩართული, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ოთხი პროექტი: „სახელოვნებო განათლება“, „სპორტი ჩვენს ცხოვრებაში,“ „თექის დამუშავების შესწავლა“ და „ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო“ განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებში II-XI კლასის 110 მოსწავლე იყო ჩართული. 

სკოლაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებული პროექტი „ფოტოსახელოსნო“ მიმდინარეობს; ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიერ დაფინანსებული პროექტი – „ხელსაყრელი გარემო თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ შედგა. 

სკოლა „მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის საქართველოსთან“ თანამშრომლობს, რომლის მხარდაჭერით მრავალ აქტივობას ახორციელებს. კერძოდ, 25 მასწავლებლისთვის „ინკლუზიური განათლების“ ტრენინგი ჩატარდა; 45 მოსწავლის მონაწილეობით ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა მოეწყო; ამ ორგანიზაციის  დაფინანსებით სკოლამ მონაწილეობა ქუთაისში, სასკოლო თეატრალურ ფესტივალში მიიღო, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომინაციაში დიპლომები და ქობულეთში ათდღიანი დასვენების საგზური მოიპოვეს; სკოლა, ასევე, მესტიასა და ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში ჩაერთო.

მთელი წლის მანძილზე სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდებოდა: ინტელექტუალური თამაშები, ქართული ფოლკლორის საღამო, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.

დუისის საჯარო სკოლამ მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიტერატურულ–თეატრალურ კონკურსშიც მიიღო, რომლის ფარგლებშიც სპეკტაკლი მომზადდა და რესურსცენტრს დისკზე ჩაწერილი გადაეცა.  

2017–2018 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე სხვადასხვა საგანში 64 მოსწავლე მონაწილეობდა, სადაც მეორე ტურში გამსვლელი ქულები 36-მა მოსწავლემ მოიპოვა. 
სკოლების საგრანტო დაფინანსების პროგრამა „თავისუფალი გაკვთილების“ ფარგლებში დუისის საჯარო სკოლაში ოთხი პროექტი დაფინანსდა: „წიგნიერება გადაგვარჩენს“, „სხვა რაკურსი“,  „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და „ქართული ხმები“.  

პროექტების განხორციელების მიზანი მოსწავლეთა ინტერესის სფეროს გამოკვეთა, შესაძლებლობების გამოვლენა და ამ მიმართლებით უნარ–ჩვევების გამომუშავება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და კვლევა–ძიების უნარების განვითარებაა. ოთხივე პროექტში VII-VIII კლასების 90 მოსწავლეა ჩართული.

ამავდროულად, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში სკოლამ 516 ლარის მხატვრული ლიტერატურა და 400 ლარის ბურთები შეიძინა.

სკოლას სპორტული მიღწევებიც აქვს: მიმდინარე წლის მაისის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ გეზრბენში პირველი ადგილი მიიღო და ახლა ფინალისთვის ემზადება.

და ბოლოს, სკოლას წელს 3 ოქროსმედალოსანი მოსწავლე ჰყავს. მეთორმეტე კლასელებისთვის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაწილეობით გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა და „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203