დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის გამარჯვებული გახდა
25-06-2018
დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის გამარჯვებული გახდა და მთავარი გარემოსდაცვითი პრემია მოიპოვა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი უკვე წლებია ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეები გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში ჩაერთონ და სკოლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ითანამშრომლონ.
კონკურსის ფინალი ტყეების დაცვის მსოფლიო დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა, სადაც ფინალისტმა ეკო–კლუბებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
ნიკო კეცხოველის მთავარი პრემია – პირველი ადგილი დაბა ლაითურის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილი – მარადისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი -ოტობაიას სკოლამ.
ორგანიზაცია CENN–მა, რომელიც „ნიკო კეცხოველის პრემიის“ მთავარი ორგანიზატორია, გამარჯვებული მოსწავლეები ბრატისლავასა და ვენაში სასწავლო აკადემიით დაასაჩუქრა.
ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთსა (ბრატისლავა) და ავსტრიაში (ვენა)ამ ორ ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვან და საინტერესო ვიზიტებს მოიცავდა, ასევე სხვადასხვა ექსკურსიასა თუ ტურებს გარემოს დაცვითი მიმართულებით. აკადემიაში მონაწილეობას საქართველოს 4 სკოლის 7 წარმომადგენელი იღებდა. სასწავლო ტურის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს საელჩოებს ავსტრიასა და სლოვაკეთში, ორგანიზაციას „პარტნიორები დემოკრატიული განვითარებისთვის სლოვაკეთში“ (PDCS); CENN–ის პარტნიორსა და კეცხოველის პრემიის მთავარ დამფინანსებელს – „ავსტრიის განვითარების სააგენტოს„ ( Austrian Development Agency) და ორგანიზაცია ÖIR–ს (Austrian Institute for Regional Studies and Spatial Planning) ესტუმრნენ.
შეხვედრებზე განხილული საკითხები გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების მიმართულებებს და მნიშვნელოვან მახასიათებლებს ევროპულ კანონმდებლობაში მოიცავდა, რაც გარემოს მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
ავსტრიაში აკადემიის მონაწილეები იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც ვენაში სწავლობენ და სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიეს. მათ მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ევროპული განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.