„ჩემი თაობისთვის ეს მაშინ წარმოუდგენელი ოცნება იყო“ - სახალხო დამცველი საკუთარ აბიტურიენტობას იხსენებს
29-06-2018
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქზე ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებას ეხმიანება და საკუთარ აბიტურიენტობას იხსენებს.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
„მისაღები გამოცდების და კონდიციონერების თემამ ჩემი მისაღები გამოცდები გამახსენა. 2001 წელი, ცხელი აგვისტო და იმ დროისთვის წარმოუდგენლად „ამბიციური“ მიზანი, რომ ჩავირივხო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის უფასო განყოფილებაში. ალბათ, ჩემ თაობას ახსოვს, რას ნიშნავდა აღნიშნული განაცხადი, შეგრძნება, რომ ყველაზე კორუმპირებულ სისტემაში მხოლოდ შენი ცოდნის და გამართლების იმედზე ხარ, რომ კონკურენციაში ხარ ბავშვებთან, რომლებმაც წინასწარ იციან რა საკითხები მოვა, ან სულაც მშობლებს ფული აქვთ გადახდილი იმაში, რომ აუცილებლად უფასო ფაკულტეტზე მოხვდნენ... ყველამ ყველაფერი იცის, მიუხედავად ამისა ყველა ეგუება მომავალი თაობით, ქვეყნის მომავლით ვაჭრობას და ცდილობს მოერგოს ამ კორუმპირებულ სისტემას... 3 გამოცდაში უმაღლესი ქულები მივიღე, ბოლო, სამართლის გამოცდაში ტესტებში შეცდომა დავაფიქსირე, იქვე მდგომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ვცდილობ ავუხსნა, რომ 2 ტესტში შეცდომაა, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმებით მიცილებს. მერე იყო საპროტესტო კომისია, ბრძოლა თითოეული ქულის მოსამატებლად, ჩიხში შესული ჩემი მომავალი ლექტორები და ბედნიერი ამოსუნთქვა, როცა გაიგეს, შედეგების გადახედვის გარეშე ქულები მყოფნიდა უფასო ფაკულტეტზე მოსახვედრად... ასე რომ, ბედნიერია თაობა, რომელსაც სჯერა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის და პროტექციის გარეშე მოხვდებიან, ჩემი თაობისთვის ეს მაშინ წარმოუდგენელი ოცნება იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონდიციონერი, თანამედროვე სახელმძღვანელოები ან სწავლების მეთოდები არ უნდა მოვითხოვოთ და წინ არ წავიდეთ... აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებას და ვეტყოდი, რომ თუ მოინდომებენ, ლამპის შუქზე, ქსეროქსის ფურცლებზე და გაყინულ აუდიტორიაშიც არის შესაძლებელი განათლების მიღება. თუმცა, დიდი იმედი მაქვს ეს დრო არასოდეს დაბრუნდება“.