ზაფხული დადგა და მზის მხურვალებამაც მოიმატა. სანაპიროები ხალხით აივსო. იმისთვის, რომ სწორად გავირუჯოთ და ამავე დროს საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, საჭიროა ექიმების რჩევა–დარიგებები გავითვალისწინოთ.
მზით დამწვრობა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომელიც დიდი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით არის გამოწვეული. ანალოგიური დამწვრობა შესაძლოა განვითარდეს სოლარიუმშიც.
როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე სხვივებისგან, რა ასაკიდან შეიძლება გარუჯვა, როგორი კანის ტიპის მქონე ადამიანებისათვის არის მზე საშიში? - ამ კითხვებზე Etaloni.ge - ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ უპასუხა.
– ბატონო გუგა, ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. რა ასაკიდან არის დაშვებული, რომ ბავშვი მიეფიცხოს მზეს და რუჯი მიიღოს?
– მინდა ყველა მშობელმა გაიგოს, რომ ბავშვის ჯანმრთელად გაზრდისთვის არ არის აუცილებელი რუჯის მიღება. ბუნებრივია, მზის სხივები აუცილებელია როგორც ბავშვისთვის, ისე მოზარდისთვის, მაგრამ ამას ზომიერება სჭირდება. თვეების ბავშვის გაყვანა პაპანაქება სიცხეში, მზის გულზე, დანაშაულია და ამის გამო მშობელი უნდა ისჯებოდეს. სუფთა ჰაერზე, დილის მზეზე გასეირნება კი აუცილებელია. ბავშვი იღებს კანის დამწვრობას, ხდება კანის გამოშრობა, ორგანიზმის გადახურება, რაც სხვა თანმდევ პრობლემებს იწვევს. ბავშვს აქვს თხელი და ნაზი კანი. მზით დამწვრობა განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვებისთვის არის ტრამვული. მერე, შედარებით ჩამოყალიბებულია უკვე ორგანიზმი და ისეთი ტრამვირება აღარ ხდება. 6 თვის ბავშვს რომ მზეზე დაწვავ, მშობელი არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში?
– გქონიათ ასეთი შემთხვევა?
– რა თქმა უნდა, მქონია. მზის გულზე დააწვინეს 6 თვის ბავშვი და სახე და გულმკერდი წყლულებით დაეფარა. ვერ შევამჩნიეთო, გაიძახოდნენ. იმ ტემპერატურაზე მოზრდილი არ დაიწვება, რადგან კანი სხვა სტრუქტურისაა, მაგრამ შუადღეს რომ თოთო ბავშვს მზის გულზე დასვამ, რაზე უნდა ისაუბარო?!
უცხოეთში აუზებზე თუ ზღვის სანაპიროზე ბავშვებს სპეციალური კომბინიზონები აცვიათ, რომ მათი კანი მაქსიმალურად დაცული იყოს მზისგან. იყენებენ სპეციალურ მზისგან დამცავ კრემებს და ლოსიონებს. რაც შეეხება საერთოდ რუჯის მიღებას, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, დანაოჭებას. ასევე, სხეულზე ბევრი ხალის არსებობის შემთხვევაში, ხშირად ხდება კანის გადაგვარება და ავთვისებიან სიმსივნედ ჩამოყალიბება.
– რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ რუჯვის მოყვარულებს?
– პირველი ორი ვიზიტი პლაჟზე ყოველთვის საფრთხის შემცველია, რადგან კანი უნდა მიეჩვიოს მზის სხივებს. ლოსიონი აუცილებლად უნდა წავისვათ, რომ ნელ–ნელა და თანაბრად მოეკიდოს რუჯი სხეულს. როცა დაიწვები და წყლულები გაგიჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ერთი კვირა პლაჟზე ვეღარ გახვალ, მაგრამ ქართველი რუჯის მოყვარულები ძალიან ჯიუტები არიან. მქონია შემთხვევა, როცა წყლულები გაუხეთქავთ, მაინც გასულან მზეზე და გაუღრმავებიათ ჭრილობები. რაც არ უნდა ძლიერი იყო, ბუნებას ხომ ვერ მოუგებ?! მზეზე თუ დიდხანს გაჩერდები, ბუნებრივია დაგწვავს და უნდა გაითვალისწინო, რომ რამდენიმედღიანი დასვენება მთლიანად არ ჩაიმწარო?! მარტივი ტესტია ჩასატარებელი – როდესაც ჩრდილი გრძელია, მაშინ პლაჟზე, მზეზე ყოფნა სრულიად უსაფრთხოა. ეს გახლავთ დილის და საღამოს საათები. როცა ჩრდილი მოკლდება და მერე საერთოდ აღარ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილში უნდა გადახვიდეთ.
განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები და მოხუცები, რადგან მათი კანი არის თხელი და ნაზი. მზიან ამინდში ჩრდილში ყოფნაც კი სახიფათოა მათთვის. შუადღისას, განსაკუთრებით პლაჟზე, ნებისმიერი საგანი, წყალი თუ კენჭი ირეკლავს მზის სხივებს და... ხშირად უთქვამთ, ქოლგის ქვეშ ვიყავი და მაინც დავიწვიო. ამ დროსაც ხდება დასხივება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცხეში ბევრი სითხე მივიღოთ. ჯობია, თეთრი ფერის ქუდი გვეხუროს, რათა მოხდეს მზის სხივების განრეკვლა.
– ახლა ისევ მოდაშია გარუჯვა...
– ტალღასავით შემოდის ხოლმე რუჯი მოდაში, მერე გადაივლის. ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ გოგონები კი არა, ბიჭებიც ელოდებიან სეზონის დაწყებას, რომ რუჯი მიიღონ. სპეციალურ საღებავებს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება შავად გამოიყურებოდნენ. რუჯი უფრო გამხდარს და ლამაზს აჩენს სხეულს, ნაკლს ფარავს, მაგრამ ჯანსაღ, სპორტულად ნავარჯიშევი ადამიანის ფერს არაფერი სჯობს. ხანდახან ისეთი გარუჯული მინახავს, გული გამსკდომია... კანის დამწვრობას რომ მიიღებ და ორ კვირას მკურნალობაში გაატარებ, ხომ არ არის ნორმალური?! რუჯის მოყვარულები ჩვენთან რეანიმაციაშიც კი მოხვედრილან. ნეტავ სხვა რამეში იყვნენ ასეთი თავდადებულები და შრომისმოყვარეები. პლაჟზე დიდხანს ყოფნა ხშირად მთავრდება გონების დაკარგვით და მხოლოდ დამწვრობა კი არა, გადახურებაც აქვს ხოლმე ორგანიზმს.
მეც დავმწვარვარ. მაგალითად, გუდაურში ნიღაბიც მეკეთა და კრემებიც მესვა, მაგრამ მაინც დავიწვი. სულ დაცული ვერ იქნები და ხდება ასეთი შემთხვევები, მაგრამ მიზანმიმართულად რომ გადიხარ და რუჯის მიღების მიზნით წვები მაშინ, როცა მზე პიკზეა... მერე ამბობენ ხოლმე, არ მოველოდი, რომ დავიწვებოდიო. ზოგთან უკვე პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, რადგან ყოველ წელს ხვდებიან ჩვენთან. წინა წელს დაიწვა, მაგრამ მეორე წელსაც იგივეს იმეორებს, ისე უნდა გარუჯვა. წლიდან წლამდე კი არ იკლებს, მატულობს მზისგან დამწვარი პაციენტების მომართვიანობა. თუ ადრე ბიჭების წილი ამ მხრივ გაცილებით ცოტა იყო, მკვეთრად მოიმატა და, ფაქტობრივად, გაუთანაბრდა დამწვარი გოგონების ციფრს. შარშან ბიჭებმაც მოინდომეს რუჯის მიღება. ადრე თუ 4 დამწვარ გოგოზე მოდიოდა 1 დამწვარი მამაკაცი, ახლა 4/4–ზეა.
არსებობს კანის ტიპი, რომელიც საერთოდ ვერ ირუჯება, რაც არ უნდა ხანგრძლივ დრო გაატარონ პლაჟზე, თუნდაც ნელ–ნელა. ასეთი კანის ტიპის ადამიანებისთვის მზეზე ყოფნა განსაკუთრებით სახიფათოა. ესენი არიან ძალიან თეთრი კანისა და ღია ფერის თმებისა და თვალების მქონე ადამიანები. ასეთ ადამიანებს და მათ, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი აქვთ, ვურჩევ, სანამ მზის აბაზანებს მიიღებენ, დერმატოლოგის კონსულტაცია ჩაიტარონ და რჩევა-დარიგებები მიიღონ. არის კანის ტიპი, ძირითადად მუქი ფერის, რომელიც როგორ მზეზეც არ უნდა მოხვდეს, მაინც არ დაიწვება.
– ლეღვის ნახარშით დამწვრები ისევ ხვდებიან თქვენთან?
– შემცირდა წინა წლებთან შედარებით. ეს სუფთა ქართული მოვლენაა. თუ ამ ნახარშს წაისვამთ, მზე სულაც არ არის საჭირო, მაინც მიიღებთ ქიმიურ დამწვრობას. არ არსებობს ვინმე, ვინც წაისვა და კარგი რუჯი მიიღო. ამ ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის გაცნობა, ერთი და იგივეა.
- ვინ წაისვა ლეღვის ნახარში პირველად?
- 15 წლის გოგონამ წაისვა პირველად. არ მახსოვს, ჟურნალისტებმა საიდან გაიგეს, მაგრამ როგორც კი ამ გოგონას ამბავი გაჟღერდა ტელევიზიით, დაიწყო ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრების ბუმი. ჩემს უცხოელ კოლეგებს ფრთხილად ვეკითხები ხოლმე, ასეთი შემთხვევა ხომ არ გქონიათ-მეთქი და მსგავსი შემთხვევა არავის ახსოვს. 7 წლის განმავლობაში ჩვენთანაც ნელ-ნელა მცირდება.
შარშან საოცარი შემთხვევა გვქონდა - შვილიშვილმა ბებიას წაუსვა ეს ნახარში. ქალს სახსრების პრობლემა ჰქონდა და უთხრა, ეს საფენები დაიდე და გიშველისო. ბებიამ, 85 წლის ქალმა საშინელი დამწვრობა მიიღო. ამას საკუთარს კი არა, მტრის ბებიას არავინ გაუკეთებს.
– სოლარიუმს რაც შეეხება, შეიძლება იქაც დაიწვას ადამიანი?
– სოლარიუმში შედარებით იშვიათად იწვებიან, რადგან გარკვეული რეგულაციები მუშაობს. პირველი პროცედურა ისეთი დროით და დოზით ტარდება, რომ დამწვრობის მიღების საშუალებას არ გაძლევს. ძალიან უნდა მოინდომო, რომ დამწვრობა მიიღო, თუმცა ასეთი შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე და ესეც სიჯიუტის გამო.
– თქვენ როგორ თვლით, სოლარიუმი უფრო მავნეა თუ მზე?
– რადგან სოლარიუმი აკრძალული არ არის, ესე იგი, მავნე არ არის, მაგრამ დოზას გააჩნია. მზის სხივები აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან D ვიტამინის სინთეზირება ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შუადღის მზეა სასარგებლო, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს. რა თქმა უნდა, შუადღის მზეს გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სოლარიუმს. სოლარიუმში ულტრაიისფერი სხივებით ტარდება პროცედურა, რაც უვნებელია ჯანმრთელი ადამიანისათვის, მაგრამ ბევრი ქრონიკული დაავადების დროს ხდება მისი გამწვავება და პირდაპირი უკუჩვენება აქვს. უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სოლარიუმიც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს, კანს აშრობს და ელასტიურობას უკარგავს. დოზირებულად, წელიწადში მხოლოდ რამოდენიმე პროცედურას თუ ჩაიტარებ, ბუნებრივია, მინიმუმამდე დადის საფრთხეც. მე კი ვიცი პიროვნებები, რომლებიც, როგორც სამსახურში, ისე დადიან ყოველდღიურად სოლარიუმში ზამთარია თუ ზაფხული. გადაჭარბებით ნებისმიერი რამ მავნეა. წყალი რომ მიიღოთ გადაჭარბებით, ისიც ზიანს მიაყენებს თქვენს ორგანიზმს.